ჯონ მერშაიმერი, პოლიტიკის მეცნიერების ამერიკელი მკვლევარი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის რ. ვენდელ ჰარისონის გამორჩეული პროფესორი:

„ამერიკა უფრო აგრესიული ქვეყანაა ვიდრე რუსეთი“ – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი თეორეტიკოსი ჯონ მიარშაიმერი. ის ამბობს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკა შვიდ ომში მონაწილეობდა, მას ასევე სტატისტიკა მოჰყავს მაგალითად და აცხადებს, რომ ყველ სამ წელიწადში ორი წელი ამერიკა ომებით არის დაკავებული. რუსეთზე საუბრისას კი ის ამბობს, რომ რუსეთმა სამხედრო ძალამ მხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და სირიაში გამოიყენა.

  • „საქართველოსა და უკრაინაში ისინი იმიტომ არიან ჩართულნი, რომ როგორც მოსაზღვრე ქვეყნები ისინი მოსკოვისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. რუსეთმა ჩათვალა, რომ ნატოს გაფართოება და ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ 2008 წ და უკრაინამ 2014 წ გადადგა, ამ ინტერესებს საფრთხეში აგდებდა. სწორად ამის გამო რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია განხორციელება გადაწყვიტა.“

ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ხშირად ისმის შეკითხვა: უნდა ჰქონდეს თუ არა რუსეთს ალიანსის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება? – მიარშაიმერი ამბობს, რომ შეკითხვის ასე დასმა  არასწორია.

  • „ის შეხედულება, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანების უფლება აქვთ ძალიან საშიში და სულელური წარმოდგენაა საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებზე. თუ ხარ უკრაინა, ან საქართველო და ესაზღვრები ისეთ ძლიერ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, რუსეთის ინტერესებს ძალიან ძლიერი ყურადღება უნდა მიაქციო. თუ ფიქრობ იმას, რომ ნატოში გაწევრიანების უფლება გაქვს, იმის მიუხედავად რას ფიქრობს რუსეთი, საკუთარ თავს დიდ პრობლემებს შეუქმნი.“

მიარშაიმერი ამბობს, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილი უნდა დაივიწყოს, რუსეთთან რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა დაამყაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ევროპასთან ინტეგრაცია, ისინიც მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით.

VERSUS

დავით დარჩიაშვილი, პროფესორი, კავკასიის კვლევების საერთაშორისო ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

საერთაშორისო ურთიერთობების ასეთი შეფასება მექანიცისტურია და პრიმორდიალისტური: ანუ, ბატონი პროფესორისათვის სახელმწიფოები საათის მექანიზმებია და მათი უნივერსალური არსი ბიბლიური დროიდანაა უცვლელი. თუმცა მის მიერ იგნორირებული კულტურული და მორალური კატეგორიები, რაც პოლიტიკაშიც გვხვდება, წესით პრიმორდიალისტმაც უნდა დააფასოს: ჩვენს რეგიონს რომ დავუბრუნდეთ,  ბიზანტიურმა ისტორიოგრაფიამ შემოგვინახა ცნობა მეექვსე საუკუნის კოლხ არისტოკრატთა დებატებზე, როდესაც ეს უკანასკნელნი სპარსეთსა და რომს შორის არჩევანის წინაშე იდგნენ. მათი არჩევანი (აგათია სქოლასტიკოსის გადმოცემით) ცივილიზაციური იყო –  რომაელებთან (ბიზანტიელებთან) ღირებულებითმა ერთობამ გადაწონა.

ახლაც, ვფიქრობ, უკრაინისა და საქართველოსათვის მთავარი და დამოუკიდებელი ცვლადი არის არა სტაბილურობა ნებისმიერ ფასად, არამედ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ამ ღირებულებათა დაცვა, გაძლიერება მხოლოდ ნატოსთან და ევროკავშირთან ალიანსშია შესაძლებელი. თუ ბატონი მარშაიმერი ამას არ ეთანხმება და ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, მას არასათანადოდ ცოდნია ან შეუფსებია რუსეთის პოლიტიკური ეკონომია. პუტინის რუსეთთან სიახლოვე დღეს პაბლო ესკობართან, ან ალ კაპონესთან ალიანსს გავს – ნებისმიერი შედარების სარისკოობის მიუხედავად.

რაც შეეხება ამერიკის უპირატეს აგრესიულობას, აქაც რაოდენობრივი მეთოდის ძალიან ცალმხრივ გამოყენებასთან გვაქვს საქმე. კი, შერთებული შტატებისათვის უცხო არაა ე.წ. ლიბერალური ჯვაროსნობა. შეგვიძლია ვაანალიზმოთ შეცდომებიც, რაც ამერიკამ ახლო აღმოსავლეთში დაუშვა. მაგრამ თუ ბატონ პროფესორს დემოკრატიისა და ეროვნული უსაფრთხოების ურთიერთმიმართება რელევანტურად მიაჩნია, მაშინ, ვფიქრობ, დაინახავდა განსხვავებას, მაგალითად, ნატოს კოსოვოში ინტერვენციასა და რუსეთის სამხედრო მოქმედებებს შორის რუსულსავე ჩეჩნეთში ან საქართველოში.

თუ ასე არაა, მაშინ ნებისმიერ დიქტატორულ რეჟიმის თავისი სიმართლე ქონია. არა მგონია, მორალური რელატივიზმი უკეთესი ნიადაგი იყოს საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, ვიდრე თანაცხოვრების გარკვეული პრინციპებისათვისა და საერთაშორისო სამართლისათვის ბრძოლა – თუნდაც რომ დასავლეთი ამ ბრძოლაში ყოველთვის თანამიმდევრულობას ვერ იჩენდეს.